ევროკავშირი სოფლად მცხოვრებ 1000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი ეწვივნენ ადგილობრივ რესტორანს, სადაც ახლახან ხუთი, სმენის არმქონე ახალგაზრდა დასაქმდა. მათ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ბათუმის დასაქმების ფორუმის დახმარებით მიეცათ.

ვიზიტის ფარგლებში, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ზენითსაც ესტუმრნენ.

ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით, ევროკავშირი, ზენითის მსგავს სოფლად მცხოვრებ 1,000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი შეხვდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და პროექტის ინიციატორს და დაგეგმილი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.