კარლ ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსთან ყვავილები მიიტანეს.

კარლ ჰარცელი და ლორენს მერედიტი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან ერთად, დელეგაცია ეწვევა ბათუმის პორტს, სადაც შედგება ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის პირველი სტრატეგიის პრეზენტაცია.

სტუმრები ასევე დაათვალიერებენ პორტს.

დღის ბოლოს გაიმართება ღონისძიება „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“. შედგება პანელური დისკუსია ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მსოფლიო ბანკის (WB), ასევე ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა მეწარმეების მონაწილეობით.

დისკუსია დაეფუძნება ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას საქართველოსთვის და შეეხება ტრანსპორტთან, ციფრულ კომუნიკაციებთან და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. კოვიდშეზღუდვების გამო, ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“, ღონისძიებას, რომელსაც მონაწილეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან, გადაიცემა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდის საშუალებით.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.