ბოლო 10 დღეში, პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3, დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში.
დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.