ექსპრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, არ დათანხმდებიან საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რაზეც 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში 20 ოქტომბერს დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ.

„თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ამ დაწესებულებას შეუძლია, მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჰოსპიტალში გადასაყვანად, მაგრამ მისი პირადი ექიმის განცხადებით, „ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება“.

დღესვე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მივა, რომელმაც მისი შესაძლო ჰოსპიტალიზაციის საკითხი უნდა განიხილოს. ნიკოლოზ ყიფშიძე იმ სამედიცინო კონსილიუმის წევრებსაც მიმართავს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უწევენ მონიტორინგს, შეისწავლონ გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობები.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.