საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის გოგელიას კლინიკაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემთხვევას.
მინისტრის განცხადებით, მოკვლევის პროცესს საკმაოდ მასშტაბური სამუშაო სჭირდება. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დადასტურებულია, გრიპის ვაქცინის ნაცვლად გოგელიას კლინიკაში პაციენტები C ვიტამინით აცრეს.
მისივე თქმით, C ვიტამინის შემთხვევაში, ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათ მაინც შესაბამისი მეთვალყურეობა გაეწევათ.
„გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, დოკუმენტები გადაიგზავნება შესაბამისს უწყებებში. მოკვლევა დაიწყო გუშინ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ გვინდა, რომ ჩავიდეთ ყველა დეტალში. გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულია, რა თქმა უნდა, გადაგზავნილია პროკურატურაში და მათი მხრიდან უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან ყალბ სერტიფიკატზე სამინისტროს ვერ ექნება რეაგირება, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც დადგენილია სამინისტროსთვის.
ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოვიკითხავთ, C ვიტამინის შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდება მათი გამოკითხვა და შესაბამისი მონიტორინგი.
ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ იყო გადაგზავნილი პროკურატურაში, ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ აქ გარკვეულწილად ვართ შეზღუდულები, რადგან რეგულირების სააგენტოს არ აქვს მანდატი, გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ჩვენ ველოდებით პარლამენტს, რათა მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს მანდატი, რომ არამხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც შეამოწმოს შესაბამისად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.
ასევე მნიშვნელოვანია, შეიცვალოს გარკვეული წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების დონეზე და მოხდეს განსაზღვრა მათი საჭიროების, სამუშაოს აღწერილობის დეტალური შესწავლა. მხოლოდ რეგულირების სააგენტოსა და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა და ოპერირების ნების დართვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს. მინისტრი კახეთში იმყოფება, სადაც იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, კახეთის რეგიონის ორ სოფელში - მანავსა და პატარძეულში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად დაახლოებით 35 ადამიანს C ვიტამინი გაუკეთეს. მოქალაქეებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ აცრისას მოითხოვეს, ენახათ ვაქცინის შეფუთვა, რაზეც უარი მიიღეს, რადგან გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინს უკეთებდნენ. დაზარალებულების თქმით, გრიპის საწინააღდეგო ვაქცინით აცრისთვის, კლინიკას 75 ლარი გადაუხადეს.
გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.