სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დეტექტივების განყოფილების უფროსმა რევაზ ლაზიშვილმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული პოლიციელები არიან ღირსეული ადამიანები და პოსტს პროტესტის ნიშნად ტოვებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება.
არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა“, - განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. მისივე ცნობით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა.
ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი.
„პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს“, - განაცხადა თემის კომენტირებისას ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც პოლიციელები, ისე ჯარისკაცები ატარებენ მუნდირს, რომელიც ღირსეულად უნდა დაიცვან.
„ჩემი სრული მხარდაჭერა მთელს პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგს ჩვენს ოფიცრებს - თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდო ოფიცრებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც სხვა თემას ეძღვნებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.