თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
მოსამართლემ 27 ბრალდებულის საქმე განიხილა.
ასევე, გაიმართა იმ სამი ბრალდებულის საქმის განხილვა, რომლებიც საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ თავდასხმაში არიან ბრალდებულები.
სასამართლომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადასინჯა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.
5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი.