მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გლდანის ციხის ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანა, რომელიმე კლინიკის ნაცვლად, ექსპრეზიდენტზე კიდევ ერთი სახის ზეწოლის განხორციელებას ნიშნავს.
ამის შესახებ დიმიტრი საძაგლიშვილმა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, მხოლოდ სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.
ადვოკატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არც ერთ კერძო კლინიკაში.
„ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ მანამდე მოვისმინეთ ასევე იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მე-18 დაწესებულებაში. ეს არის გლდანის ციხეში, - აღნიშნავს საძაგლიშვილი და განაგრძობს, - ჯერ ერთი, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
შეგახენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე დათანხმდა.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.
„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ექიმის განმარტებით, იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს, სააკაშვილის თანხმობაა საჭირო.