ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კორუფციაში ბრალდებულად ცნეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კარლ-ჰაინც გრასერი გაფლანგვისთვის, ქრთამის აღებისთვის, მტკიცებულებების გაყალბებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ათასობით ბინის გაყიდვისთვის ბრალდებულად ცნეს.
ვენის სასამართლოს ინფორმაციით, გრასერმა 9 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამი აიღო. განაჩენი ასობით მოწმის ჩვენებისა და სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე იქნა გამოტანილი.
თავად გრასერი უარყოფს დანაშაულს. მისმა ადვოკატმა განაჩენს არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
2000 წელს კარლ-ჰაინც გრასერი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი გახდა.