რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო განვითარება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო.
„NATO-ში უკრაინის ოფიციალურად გაწევრიანება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ამ ტერიტორიის სამხედრო განვითარება უკვე მიმდინარეობს. ეს კი საფრთხეს უქმნის რუსეთს,“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში არსებობს რუსული აგრესიის საფრთხე და ამის მტკიცებულება საქართველოსა და უკრაინის ნაწილების გაგრძელებული ოკუპაციაა.
მისი თქმით, რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები და მილიტარიზების მცდელობაც შავი ზღვის რეგიონში აშკარად იგრძნობა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება აშშ-ის ეროვნული ინტერესია.
აღსანიშნავია რომ 21-22 ოქტომბრის NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე მთავარ გამოწვევად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს.
"შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი წარმომადგენლობა გაზარდა.
"შავი ზღვის ექვსი ქვეყნიდან, სამი ქვეყანა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი უკვე ალიანსის წევრები არიან, ასევე ამ რეგიონში არის ორი ძალიან ახლო პარტნიორი საქართველო და უკრაინა. ჩვენ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში. გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ რეგიონში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, ასევე მუდმივად ვაფასებთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, ნაწილობრივ წარმომადგენლობის გაზრდით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ძალების სწრაფად განთავსების შესაძლებლობის გაზრდით. ეს არის ის, რისთვისაც გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი დონის მზადყოფნა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.