ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები NATO-ს ახალი საინოვაციო ფონდის დაარსებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მოკავშირეებმა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე მოაწერეს ხელი.
NATO-ს განცხადებით, მრავალეროვანი ფონდი დაეხმარება ალიანსს შეინარჩუნოს თავისი ტექნოლოგიური უპირატესობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებში მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირების გზით. ფონდი ასევე ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ნოვატორებთან.
„ბრიუსელის სამიტზე, ნატო-ს ლიდერებმა ჩვენი ალიანსის გაძლიერების ვალდებულება აიღეს, მათ შორის ტრანსატლანტიკური ინოვაციების განვითარებით და დაცვით. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებას, ერთად ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს საინოვაციო ფონდის შექმნის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, იტალიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ და დიდმა ბრიტანეთმა.