თენგიზ ცერცვაძე: თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა დღიურად არის 4-5 000, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას.

„პირადად მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა დადის კარდაკარ, არსად, არცერთ ქვეყანაში ეს არ კეთდება და ცდილობს, დაარწმუნოს ვაქცინაციაში.

მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა არის 4-5 ათასი, რაც არის კატასტროფა. აქედანაც ძირითადად მეორადი აცრებია. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის.

საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას. თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები.

ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. გარდა ამისა, კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები.

მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ. ზოგიერთი ანტივაქსერი ექიმის განცხადებებმა, როგორც ჩანს, საშინელი გავლენა მოახდინა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მანამდე აცრის ყოველდღიური რაოდენობა 30 000-ს აღწევდა.

შეგახენებთ, Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა.