ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს გადასხმა გაუკეთდა.
„გადასხმა ჩატარდა კარგად. დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული. ამიტომ საჭირო არის მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში.
დღეს ჩატარდა სისხლის ანალიზი და ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. დღეს კრიზისი გადავიარეთ. ხვალ შეიძლება ჰოსპიტალიზაცია. ახლა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.
ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.