ევროკავშირი: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო, სტრატეგიული მნიშვნელობის რჩება

21-22 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომლის შემდეგაც ევროპულმა საბჭომ დასკვნითი დოკუმენტი მიიღო. მასში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო, სტრატეგიული მნიშვნელობის რჩება.

ამასთან, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროპელმა ლიდერებმა ასევე განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხი.

გარდა ამისა, საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

დოკუმენტში, ენერგეტიკულ საკითხზეც არის საუბარი. კერძოდ, ენერგორესურსებზე ფასების ბოლოდროინდელ მატებასა და ამ ზრდის გავლენაზე მოქალაქეებსა და ბიზნესზე, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლებიც პოსტპანდემიურ პერიოდში არიან.

„ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, შეისწავლოს გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების ფუნქციონირება, ასევე ევროკავშირის „ემისიების სავაჭრო სისტემის“ ბაზრის მუშაობა ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანოს დახმარებით. ამის შემდეგ, კომისია შეაფასებს, მოითხოვს თუ არა გარკვეული სავაჭრო მოქმედებები შემდგომ რეგულირებას. წევრმა სახელმწიფოებმა და კომისიამ სასწრაფო რეჟიმში უნდა გამოიყენონ ე.წ. ზომების პაკეტი, რათა უზრუნველყონ მოკლევადიანი დახმარება ყველაზე დაუცველი მომხმარებლებისთვის და მხარი დაუჭირონ ევროპულ კომპანიებს, წევრ სახელმწიფოებში არსებული სიტუაციების მრავალფეროვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით;

კომისიამ და საბჭომ სწრაფ რეჟიმში განიხილონ საშუალო და გრძელვადიანი მისაღები ზომები, რომლებიც ხელს შუწყობენ ენერგოპროდუქტების მიღებას ოჯახებისთვის და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ ფასად, რაც გაზრდის ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის გამძლეობას და შიდა ენერგეტიკულ ბაზარს, ასევე უზრუნველყოფს მიწოდებისა და მხარდაჭერის უსაფრთხოებას კლიმატურ ნეიტრალიტეტზე გადასვლით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

მისივე თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა შეისწავლოს, თუ როგორ დააჩქაროს ინვესტიციები ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში, მისი ამჟამინდელი კაპიტალის ფარგლებში, მომავალი შეფერხების რისკების შემცირებისა და ევროპის გლობალური კავშირის ამბიციების შესასრულებლად.