გრიგოლ ვაშაძე პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა

პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

„ყველა პარტიის წევრობაზე თუ საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც პოლიტიკას ეძახიან საქართველოში, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეხვედრის დეტალებზე მას მედიასთან არ უსაუბრია.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.