„კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში იგრძნობა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდვითარებას სრულად აკონტროლებს და საწოლფონდს მართავს.
„ამ დროისთვის კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის, ვინაიდან რამდენიმე რეგიონი, სადაც გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა, ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი, დანარჩენ რეგიონებში ზრდა არ შეინიშნება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, მაღალი იყო აქტივობა რთველიდან და იმ საველე სამუშაოდან გამომდინარე, რომელიც ჩაატარა მოსახლეობამ.
ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, ასევე ვმართავთ საწოლფონდსაც. პაციენტების უსაფრთხოებას არანაირი წინაღობა არ აქვს. ვთვლი, რომ ეს ტალღა, რომელიც რეალურად არის მეოთხე ტალღის გაგრძელება და არანაირად არ გახლავთ მეხუთე ტალღა, იმ შესაფერის პირობებში დაიძლევა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვატარებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,51%, ბოლო 14 დღის - 8,94%, 7 დღის - 9,09%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 626 478, გარდაიცვალა 9 699 პაციენტი.
23 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 943 743 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 022 128 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %. სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%. 22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.