პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, რომ ამ ქალაქში მალე დაიწყება ელექტრო ავტომობილების გამოშვება. მისი თქმით, ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
„დაახლოებით 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომობილების წარმოებას, გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. მინდა, ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ.
2019 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა, ექსპორტზე ევროკავშირში კი 2020 წელს გავიდოდა.
კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო. მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. იმჟამინდელი გეგმით, ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი უნდა დასაქმდეს და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა დამზადდეს.
კომპანია „აიგრუპმა" გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ პანდემიიდან შექმნილი გამომდინარე შეიქმნა ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანის გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით კი, გადაიხედა.