ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა ქვეყანაში აშშ-ის ბაზის განთავსების იდეა უარყო და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი ყირგიზეთს „კატა-თაგვობანას“ თამაშის პოზიციაში ჩააყენებს ვაშინგტონსა და რუსეთთან მისი ურთიერთობების თვალსაზრისით.
ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პასუხები გასცა სახელმწიფო და კერძო მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ბლოგერების შეკითხვებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო ავრცელებს.
კითხვას, რომელიც ეხებოდა შვიდი წლის განმავლობაში პირველად ყირგიზეთში აშშ-ის ბაზის აღდგენას, ჯაფაროვმა უპასუხა, რომ ჩუის რეგიონში უკვე მოქმედებს რუსეთის ბაზა.
„ჩვენთვის ერთი უცხოური ბაზაც საკმარისი იქნება. არ გვინდა, კატა-თაგვობანა ვითამაშოთ გავლენიან ქვეყნებთან, ჩვენს ტერიტორიაზე ორი ბაზის განთავსების გზით“, - განაცხადა ჯაფაროვმა.
2001 წლის დეკემბერში ბიშკეკის მანასის აეროპორტში გაიხსნა აშშ-ის საჰაერო ბაზა, რომლის მიზანი ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ძალების და კონტრტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერა იყო. თუმცა ბაზაზე აშშ-ის ოპერაციები 2014 წელს, როცა ყირგიზეთის პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ვაშინგტონი ობიექტიდან უნდა გასულიყო, შეწყდა. ამ ნაბიჯს ბიშკეკის მხრიდან რუსეთისთვის ჟესტად განიხილავდნენ.