პირველად, 2010 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვიქტორ ორბანი 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაუპირისპირდება ოპოზიციური პარტიების ალიანსს. არჩევნები 2022 წლის აპრილში გაიმართება, საარჩევნო კამპანიისას კი, მხარეებმა დღეს ჩაატარეს მხარდამჭერებთან ფართომასშტაბიანი აქცია-შეკრება.
ორბანმა ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი ცდილობდნენ თავიანთი ხალხის, უნგრეთის მემარცხენე ოპოზიციის არჩევას მათი ფულის, მედიისა და ქსელების გამოყენებით.
„უნგრელები გადაწყვეტენ საკუთარ ბედს“, - განაცხადა ორბანმა.
პარალელურად, ოპოზიციის შეკრებაზე მარკი-ზეიმ აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში, მისი მთავრობა შეიმუშავებს ახალ კონსტიტუციას, შეაჩერებს კორუფციას, შემოიღებს ევროს და უზრუნველყოფს მედიის თავისუფლებას. „ექვსპარტიულ ალიანსს ხელმძღვანელობს პიტერ მარკი-ზაი, 49 წლის კათოლიკე კონსერვატორი, შვიდი შვილის მამა და პატარა ქალაქის მერი, რომელიც, როგორც ჩანს, განასახიერებს ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ორბანი საჯაროდ იცავს და განიხილება როგორც ძლიერი მეტოქე“, - წერს Reuters-ი.
„ეს რეჟიმი მორალურად გაუსაძლისი გახდა. იმ იმპულსმა, რომელიც ახლა გვაქვს, 2022 წლის აპრილამდე უნდა მიგვიყვანოს“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორბანის პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური ალიანსი თანაბარ მხადრაჭერას ინარჩუნებენ, თუმცა ამავე დროს არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობა მეოთხედს შეადგენს.
Reuters-ი წერს, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1956 წლის აჯანყების წლისთავი, რომელსაც დედაქალაქში ღონისძიებები მიეძღვნა, ორბანმა პლატფორმად გამოიყენა მისი დღის წესრიგისთვის, რადგან მისი პარტია Fidesz-ი აძლიერებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას.
ცნობისთვის, უნგრეთში ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება და საპროტესტო გამოსვლები 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტის ქუჩებში უნგრეთის უშიშროების ძალებთან და საბჭოთა ჯარებთან შეტაკებებში გადაიზარდა. 1956 წლის 4 ნოემბერს, საბჭოთა არმიამ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. (23 ოქტომბერი - 11 ნოემბერ) უნგრეთის რევოლუცია საბჭოთა კავშირმა სამხედრო ინტერვენციით ჩაახშო. ქვეყანაში 30,000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და 1,000-ზე მეტი ტანკი შევიდა. აჯანყებას 2,500-ზე მეტი უნგრელის, სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა, 750 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, უნგრეთის 200 000 მოქალაქე კი ლტოლვილად იქცა.
ორბანის მთავრობა და მისი მთავარი მოკავშირე პოლონეთი დაუპირისპირდნენ ბრიუსელს, მედიის თავისუფლებასთან, კანონის უზენაესობასთან და ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით, ამავე დროს, მთავრობა აცხადებს, რომ უნგრეთის ინტერესია, დარჩეს ევროკავშირის ძლიერი წევრი.
„ბრიუსელი ჩვენ და პოლონელებს როგორც მტრებს გვექცევა. დროა, ბრიუსელში გააცნობიერონ, რომ კომუნისტებმაც კი ვერ დაგვამარცხეს”, - უთხრა ორბანმა მხარდამჭერებს, რომლებსაც ეროვნულ დროშასთან ერთად ეჭირათ ბანერები ლოზუნგებით, „ბრიუსელი დიქტატურას უდრის“.