ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს, კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში“, განუცხადა ექსპრეზიდენტის ექიმმა მედიას, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღესაც ჩაუტარდა კვლევები და ის პრობლემები, რაც მას გუშინ ჰქონდა, გამოსწორდა, თუმცა „შესაძლოა, ახალი პრობლემებიც დაემატოს“. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექიმები შევიდნენ. ისინი რუსთავის ციხეში რამდენიმე საათი იმყოფებოდნენ, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანას ამ დროისთვის არ საჭიროებს, თუმცა სააკაშვილის და ასევე მისი პოზიციაა, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანა „მკვლელობის ტოლფასია“.

„კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანონ მაღალი კლასის საავადმყოფოში", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით კი, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა.

„ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე“, - აცხადენს მინისტრი.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საქმეს, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ადვოკატებს 20 ოქტომბერს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც „მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას“.

„ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებას უპასუხა ადვოკატმა.

„საქმის მასალების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ამოღებულია ტელეფონი და ეს ტელეფონი დაიმტვრა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამის მიუხედავად, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, რაც წარადგინა, მისი ტელეფონით არის ეს ვიდეომასალა და მიხეილ სააკაშვილის მიერაა გადაღებული, რაც უთითებს ერთადერთ რამეზე, თუ ასეა ნამდვილად, ეს არის უბრალოდ დანაშაული. დალუქული ტელეფონიდან, როგორ აღმოჩნდა ვიდეომასალა ტელეკომპანია „იმედში“, ბუნებრივია, არ არსებობს ამის ლეგიტიმური გზა და ცალსახად შეიძლება, ერთადერთი შეფასება გავაკეთოთ - ეს არის დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხევა ჰოსპიტალიზაციის საკითხს. მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ მოხდება.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება დაემატა, სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არის ცნობილი დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. სასჯელის ზომად მას განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს შემდეგ საქმეებზე: 7 ნოემბრის მოლენები, და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.