„შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“, - შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება, პოლიციელები საოკუპაციო ხაზზე იცავენ ჩვენ მოსახლეობას, თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურ მომზადებას გადიან.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი.
რაც შეეხება თემას, პოლიციელთა გადაადგილება უკავშირდება თუ არა აჭარაში დაკავშირებულ აქციას, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში, ან რეგიონში იგეგმება მისი გამართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან“, - აცხადებენ შსს-ში.
თავის მხრივ, სუს-ი აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. სუს-იც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.