ამირან გამყრელიძე: მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება

"იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა", - ამის შესახებ აავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“,-ის ეთერში განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 51 ათასი და ჯანდაცვის სისტემას უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა.

"დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა. ჩვენ დეკემბერში, პიკზე, გვქონდა 33-34 ათასი აქტიური შემთხვევა, აგვისტოს პიკზე გვქონდა 63 ათასი, მაგრამ, შორს აღარ არის ეს მაჩვენებელი. თუ ყოველდღე 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იქნა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან სწრაფად მივალთ უკვე იმ ლიმიტამდე, რასაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

მინისტრის თქმით, შემდეგი კვირის ბოლოს, ინფიცირების დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდება.

„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 511 საიდანაც, 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 490 ინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პაციენტი. 44 513 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 692 240 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 630 961, გარდაიცვალა 9 742 პაციენტი.