ჯანმოს ხელმძღვანელი: პანდემია შორს არის დასრულებისგან

„როცა კვირაში თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბერლინში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე. მისი თქმით, პანდემია მაშინ დასრულდება, როცა ამას მსოფლიო გადაწყვეტს.

ჯანმოს დირექტორმა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების განაწილების რიგში თავიანთი ადგილი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ.

გებრეისუსის თქმით, პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია.

„მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტი აქვს პანდემიის დასასრულებლად, თუმცა საჭიროა მათი სათანადოდ გამოყენება. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი რაც გვჭირდება: ეფექტური საზოგადოებრივი და სამედიცინო საშუალებები, მაგრამ მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ არ იმოქმედებს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.