საქართველოს საპატრიარქო: საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ,,ტროლებისა" და ,,ბოტების" შეტევა გახშირდა

"ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ,,ტროლებისა" და ,,ბოტების" შეტევა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში საპატრიარქოს ოფიციალური გვერდის უკლებლივ ყველა მასალა "ტროლებისა" და "ბოტების" სამიზნე აღმოჩნდა.

"სამწუხაროდ, ჩვენს facebook-გვერდზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.