სუდანში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის 4 წევრი დააკავეს. „დოიჩე ველე“-ს ცნობით, დაკავებულები შინა პატიმრობაში იმყოფებიან.
ქვეყნის დედაქალაქში დახშულია სატელეფონო სიგნალი და ინტერნეტი. ამბოხებულების მიერ გადაკეტილია ხართუმის აეროპორტიც.
სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ერთი თვის წინ. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემას ითხოვდნენ, ზოგი კი არმიას გარდამავალი მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა.
სუდანში, 2019 წელს დიქტატორის ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, ხელისუფლებაში მოვიდა სუვერენული საბჭო, რომელიც შედგება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროებისგან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სუვერენულმა საბჭომ დაიწყო ეკონომიკური რეფორმების სერია, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო სუბსიდიები საწვავზე. ამ და სხვა მრავალმა ღონისძიებამ გამოიწვია მოსახლეობის ფართო უნდობლობა არსებული ხელისუფლების მიმართ. სუდანში ისედაც, რთულ ვითარებას ამძაფრებს მაღალი ინფლაცია, ეკონომიკური სირთულეები და ღრმა პოლიტიკური განხეთქილება.
სუდანის არმიამ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი დააკავა