დანიაში, კოვიდვაქცინირებულების ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არის. ამის შესახებ Europetime-ს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგმა, სხივურვა თერაპევტმა ზაზა უჯმაჯურიძემ განუცხადა. ის კონკრეტულ მაგალითზე საუბრობს.
„თუ აცრილი ხარ, ტესტიც კი აღარ გჭირდება, ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. მაგალითად, ჩემმა კოლეგამ გუშინ მითხრა, რომ მთელ ოჯახშია გავრცელებული ვირუსი, მათ შორის პატარებში, 10 და 6 წლის ბავშვებში, თუმცა თავად იზოლაციაში არ მიდის, რადგან გადამდები არ არის, ბავშვებმა კი სავარაუდოდ, სკოლიდან მოიტანეს ვირუსი.
ჩემს კოლეგას ტესტიც კი არ მოსთხოვეს, ორჯერ აცრილია და აღარც სჭირდება. ეს მოსალოდნელიც იყო, რომ რაღაც პერიოდში, შესაძლოა, მესამე და მეოთხე აცრა დაგვჭირდეს, როგორც სეზონური გრიპის დროს, ამას უნდა შევეგუოთ. ეს აცრების არაეფექტურობაზე კი არ მიუთითებს, თავისი კონდიციები აქვს მას“, აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე.
დანია იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოსახლეობის 90% სრულად არის აცრილი და სექტემბერში პირველი სახელმწიფო იყო ევროპაში, რომელმაც აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოხსნა, როდესაც 70% სრულად ვაქცინირებული აღრიცხა. ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარების გარეშე. ერთადერთი ბერკეტი, რასაც ეს ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების ყოველდღიურად დაბალი მაჩვენებლის ფონზე იყენებს, ისევ ვაქცინაციაა, თუმცა დანიაში უკვე აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია მესამე დოზებზე და ელიან, რომ ის გრიპის ვირუსის მსგავსად, მუდმივად იქნება საჭირო.