იუსტიციის მინისტრი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებას ექიმი რეანიმატოლოგი ნამდვილად ჰყავს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას დასკვანში ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებას ექიმი რეანიმატოლოგი ნამდვილად ჰყავს. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯგუფის საქმიანობაში, ასევე ქალბატონი ნინო ლომჯარიაა ჩართული. რაც შეეხება მის დასკვნას, ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო: ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილადაა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 24 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.