ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციას მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ვაქცინაციის მარათონი წარმატებით მიმდინარეობს.

ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი. მისივე ინფორმაციით, ასევე ხვალ განიხილება კოვიდპასპორტების საკითხი.

როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია.

ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.

მანამდე კი, ამირან გამყრელიძე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მომხრე „იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიების“.

„სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.

რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.