ეკატერინე ტიკარაძე მის მეორე დოზით აცრაზე: შეგატყობინებთ. ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ მეორე დოზით ვაქცინაცია ჯერ არ უგვიანდება და მედიას აუცილებლად შეატყობინებს, როდის აიცრება.

„შეგატყობინებთ. საერთოდ ვთვლი, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და არ შეიძლება ამის გასაჯაროება“, - განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

„ქალბატონო მინისტრო, პირველი მანიპულაცია ხომ გადაგვაღებინეთ? - მიმართა ჟურნალისტმა მინისტრს.

„იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, მაგრამ ეს არღვევს ადამიანის უფლებას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლოს მინისტრს აგვისტოში ჰკითხეს, როდის აპირებდა მეორე დოზით ვაქცინაციას, მაშინ განმარტა, რომ მალე უწევდა კოვიდვაქცინით აცრა და არ დააგვიანებდა.

ეკატერინე ტიკარაძე 2021 წლის მარტში აიცრა Astrazeneca-ს ვაქცინით. ივნისში მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობისთვის, ოფიციალურად Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ.

როგორც ცნობილია, ამ ვაქცინაზე მოთხოვნის შემცირების გამო, საქართველო მის ადმისტრირებას აღარ ახდენს.

„სამწუხაროდ, ვაჩერებთ Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება რეგისტრაცია. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა Astrazeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, COVAX-ი თუ მოგვაწვდის Astrazeneca-ს", - განუცხადა ამირან გამყრელიძემ მედიას 5 სექტემბერს.