კოვიდპასპორტების გამოყენებაზე ხვალ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს

„კოვიდპასპორტზე ჩვენ პროგრესი გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მედიასთან.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდპასპორტის შემოღებაზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ და ასევე გაკეთდება განცხადებები ევროპაში მის გამოყენებაზეც.

„კოვიდ პასპორტს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს პროგრესი. ამასთან დაკავშირებით, ასევე საბჭოზეც „გაჟღერდება“ გარკვეული კომენტარები, ასევე, უკვე მის შემოღებასთან დაკავშირებით და ევროპაში გამოყენებაზე გაკეთდება განცხადებები“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია.

ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. მინისტრის თქმით, ეს არის უწყების პოზიცია და საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება ეს საკითხი.

როგორც ცნობილია, NCDC-ს ხელმძღვანელი მხარს უჭერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს სავალდებულო, რაზეც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია.

ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.