თურქეთში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვენის კონვენციის 41-ე მუხლზე მიუთითებს.
„18 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვების საპასუხოდ, აშშ აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს იცავს“, - ნათქვამია თურქეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ეხ მუხლი გულისხმობს შემდეგს:
თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.
შეგახსენებთ, ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა,10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები.
ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა.
18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტა და მისი „სწრაფი გათავისუფლება“.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს.