შსს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მომხდარ ინციდენტს ძალადობის მუხლით იძიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტზე სიხსხლის სამართლის საქმე აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეს 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებენ.

ინციდენტისას დაშავდა 5 ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი და „ქართული ოცნების“ ორი მომხრე.

შავლეგ მანდარია, რომელმაც თვალის არეში დაზიანება მიიღო, 24 ოქტომბერს გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ორ წევრთან ერთად, რომლებმაც ასევე მიიღეს დაზიანებები სახის არეში.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, გავრცელებულ კადრებში ინციდენტის ადგილზე ასევე ჩანან რუსთავის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრმა ნინო ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის და ამირან ჯანჯღავა, საკრებულოს წევრი, ჩხუბის დროს იქვე, „ქართული ოცნების“ შტაბში იყვნენ მხარდამჭერებთან ერთად.

„ჩვენ ჩვეულებრივ ვმუშაობდით, როცა გარეთ ხმაური გავიგეთ. გავედით და შევესწარით დაპირისპირებას, შევეცადეთ ვითარების განმუხტვას, როგორ დაიწყო ჩხუბი, არ დამინახავს... ბალახაძეს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობ, ვიცი, რომ რეპრესირებულია“, - განაცხადა ჯანჯღავამ.

რუსთავის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე დავით კირკიტაძე ძალადობაში, მისი საარჩევნო შტაბი კი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

დავით კირკიტაძემ, რომლის, ინციდენტში მონაწილეობის შესახებაც გავრცელდა ვიდეო, დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ ოფისის ფიზიკურად დაცვა მოუწიათ.