NCDC-მ საკოორდინაციო საბჭოს „მწვანე პასპორტების“ პაკეტი წარუდგინა

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებული პაკეტი, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს. მე ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, რომ სავალდებულოობა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი“, - ამის შესახებ NCDC-ს ხელმძღვაელმა ამირან გამყრელიძემ სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე, ერთი ადამიანი, ექიმი, ამირან გამრელიძე ამას ვემხრობი. საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. იქ მიიღება განხილვის და კონენსუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოობა აცრებში არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება, იგივე, წარმატებული ქვეყნები იყენებენ ირიბი მანდატორიზმის მექანიზმებს, ანუ „მწვანე პასპორტებს“, ამაზე მიმდინარეობს ახლა დისკუსია, თუ რა ტიპის სისტემა იყოს შემოღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნებს რომლებმაც 50%-ს მიაღწიეს, ყველგან, მაგალითად, ისრაელმა მოცვა ვეღარ გაზარდა, ვიდრე დამატებითი ბერკეტები არ შემოიღო.

„ჩვენთან, ალბათ, ვაქცინაციის ნებაყოფლობითობის ზღვარი იქნება 35-37%, შეიძლება 40-ზე ავიდეთ. იმის ზემოთ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის შემოღება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ რა არგუმენტი აქვთ საბჭოზე, როდესაც სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობიან.

„საბჭოს დოსკუსიებს გარეთ ვერ გამოვიტან. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ადამიანის უფლებების არგუმენტი“, - დაამატა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იძულებითი ღონისძიების საჭიროებას ვერ ხედავს. ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდება სავალდებულო ვაქცინაცია.

ტიკარაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და არა იძულება. ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.

მანამდე კი, ამირან გამყრელიძე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მომხრე „იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიების“.

„სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.

რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საპასუხოდ კი, პრემიერმა განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.