ესტონელ დეპუტატს სამსახურებრივი ავტომობილით შვილების სკოლაში წაყვანის გამო, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს

ესტონეთის „ცენტრისტული პარტიის“ დეპუტატს, მაილის რეპსის სამსახურებრივი ავტომობილით შვილების სკოლაში წაყვანის გამო, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს.

მაილის რეპსი დეპუტატობამდე ესტონეთის განათლების მინისტრი იყო. მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას პროკურატურამ მოითხოვა და კენჭისყრაზე 56 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ყოფილმა თანაპარტიელებმა, რომელთა შორისაც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იური რატასიც იყო, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

მომხდარის გამო, დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით დაიწყო.

მაილის რეპსის გარშემო სკანდალი 2020 წელს აგორდა, როდესაც მედიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სამსახურებრივ უფლებამოსილებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, კერძოდ, სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანით დაჰყავდა ბავშვები სკოლასა და სხვადასხვა წრეზე. ამ სკანდალის შემდეგ რეპსი თანამდებობიდან გადადგა.