პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ადვოკატსაც არ აქვს წერილის გამოტანის უფლება

"ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება", - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს, არამედ ადვოკატებსაც არ აქვთ უფლება, მისი წერილები ციხიდან გამოიტანონ.

აღნიშნული განცხადებით, პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის გააფრთხილეს, რომ არ ჰქონდა წერილის გამოტანის უფლება.

"ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით არის პასუხი. კობა ნაყოფიამ ასევე თქვა, რომ სააკაშვილისთვის კომუნიკაციის შესაზღუდად დაბურეს პენიტენციური დაწესებულების მინები.

"შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს", - განმარტა პენიტენციურმა სამსახურმა.