"გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
ნიკა გვარამიამ სააკაშვილის მიმართვის ტექსტი რუსთავის ციხესთან წაიკითხა.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ის რუსთავის #12 დაწესებულებაში დარჩენას აპირებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება არ დაასრულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, - ამბობს სააკაშვილი.
ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, რამდენადაც მის უსაფრთხოებას.
„ამიტომ ჩვენ არ დავუშვებთ იმიტირებული ბუნტებისთვის და ე.წ. სირცხვილის კორიდორებისთვის მიხეილ სააკაშვილის გამეტებას, ეს არის გამორიცხული. იგი ან იქნება აქ, ან იქნება სამოქალაქო კლინიკაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ
ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მისი ჯანმრთელობის მონიტორინის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა. კონსილიუმში შედის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც. რადენიმე დღის წინ კოსილიუმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას თანხდება. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები კი ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევას დათანხდა, თუმცა შიმშილობას არ წყვეტს. 24 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი დონის ექიმები, პირადად მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.