ორი ქართული ფილმი კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა.
საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში წარმოდგენილია ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი "მეოთხე ბრაიტონი", რომელიც საქართველოვ "ოსკარის" და ოქროს გლობუსის" ნომინატი ფილმების შესარჩევ კონკურსში წარადგინა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზე კი ლუკა ბერაძის ფილმის "ბოდიში დაგვიანებისთვის" ევროპული პრემიერა გაიმართება.
ფილმის "მეოთხე ბრაიტონის" მთავარი გმირია ყოფილი მოჭიდავე კახი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები შვილის დასახმარებლად ჩადის. მთავარი როლი ლეგენდარულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა შეასრულა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე თამაშობს. კავსაძისთვის ეს ბოლო კინონამუშევარი აღმოჩნდა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ბოდიში დაგვიანებისთვის" სიუჟეტის ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადაა, რომელიც გამოძახებაზე დააგვიანებს. სურათი რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება.
კოტბუსის კინოფესტივალს, რომელიც აღმოსავლეთევროპულ კინოზე ფოკუსირდება 30-წლიანი ისტორია აქვს.