დღეს, კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

ივერი მელაშვილის ადვოკატი პროცესის არჩვენების მეორე ტურის წინ ჩანიშვნას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

"პროცესი კარტოგრაფების საქმეზე გულისხმობს უკვე არსებითი განხილვის დაწყებას. ამ შემთხვევაში ველოდებით, რომ პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს, რომლებსაც გამოვკითხავთ. საქმის კიდევ ხელახლა დაწყება მეორე ტურების წინ, არის ერთ-ერთი ნიშანი იმის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ საქმეს, თუმცა ამის გარეშეც ძალიან დიდი შინაარსი აქვს პოლიტიკური, რაც ძალიან ბევრ განცხადებებში გამოვლინდა,“ - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

საქმეში შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება.

2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.