ნინო ლომჯარია: შეშფოთებული ვარ უკრაინის ომბუდსმენისთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის ფაქტთან დაკავშირებით

"საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უკრაინის სახალხო დამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს.

საქართველოს ომბუდსმენის თქმით, მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

ამასთან, ლომჯარიას ცნობით, უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონისა და ამავე ქვეყნის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის.

„უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა სრული ინფორმაცია, მისი ვინაობის და მგზავრობის მიზნის შესახებ, აგრეთვე წარადგინა დიპლომატიური სამგზავრო დოკუმენტი, იგი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და მხოლოდ გარკვეული ზარების განხორციელების შემდეგ შემოუშვეს. უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას“, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.