ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს

ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაღერიმ განაცხადა.

„სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი მქონდა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან. წარმატებული მოლაპარაკების საფუძვლებზე ვისაუბრეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნოემბრის ბოლომდე მოლაპარაკებები დაიწყება. ზუსტი თარიღი მომავალ კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ბირთვული შეთანმხმების საკითხზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს.

ევროკავშირის ელჩის ენრიკე მორას ირანში ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ჩავიდა.

ბირთული შეთანხმების აღდგენის თაობაზე, დღეს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების მთავარი მიზანი ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკების აღდგენის გაჭიანურების შესახებ. მოლაპარაკებები შეწყვეტილი იყო ირანში ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

აღნიშნული ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა.

ისრაელის მტკიცებით, ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი განაახლა.

ორი კვირის წინ, ეროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონს სტუმრობდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და ბორელის შეხვედრაზე მთავარი თემა ბირთვული შეთანხმების საკითხი იყო.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების მცდელობა საფრთხის ქვეშაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს დიპლომატიის გარდა, სხვა გზებიც განიხილონ.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის და ირანის წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტი ხაზს უსვამს "მოლაპარაკებების აღდგენის გადაუდებლობას".

ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბრიუსელში ჩავიდა