საია-მ არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა. ანგარიში 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, როგორც პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით დაძაბულობით გამოირჩეოდა.

„როგორც პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით დაძაბულობით გამოირჩეოდა და დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვხედავდით იმას, რომ იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით ძალადობის ფაქტები იყო. ასეთი ფაქტები ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ როგორც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს", „საქართველოსთვის", ასევე, გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ამ ძალადობრივ ქმედებებს ადგილი ჰქონდა "ქართული ოცნების" კანდიდატის და მათი კოორდინატორის მისამართით.

ვნახეთ, იყო ტენდენცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებითაც. იყო სხვადასხვა ბანერების, პლაკატების დაზიანების ფაქტები.

ჩვენი დაკვირვების ქვეშ მოექცა 14 ოქტომბრის აქციაც, როცა თბილისისკენ მოემართებოდნენ კოლონები და მათ ე.წ. ცოცხების კორიდორი მოეწყვეს. ვნახეთ, შეკრებილი პირები თბილისისკენ მომავალ ადამიანებს აგინებდნენ, შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოთქვამდნენ და ჩვენი შეფასებით ეს არის წვრილმანი ხულიგნობა. იქ მობილიზებული იყო პოლიზიცია და მათ შეეძლოთ შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია „ალმამ", რომელიც თბილისში რეკლამის განთავსებაზეა ავტორიზებული პირი, უარი უთხრა „ევროპულ საქართველოს" რეკლამის განთავსებაზე, მაშინ როცა ე.წ. სისხლიანი ბანერი იყო გაკრული. ასეთი უარი დისკრიმინაციული მიდგომა იყო.

ასევე, დავაიდენტიფიცირეთ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, პირადობის მოწმობის წართმევის ფაქტი ზუგდიდში. ვფიქრობ, რომ აუცილებლია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს რეაგირება", - აცხადებს სიმონიშვილი.