რასა იუკნევიჩიენე: საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პოლიტიკურ მხარეებს ერთობლივად შემუშავებულ განცხადებაზე ხელმოწერით შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე Europetime-თან ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუში აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ იპოვოთ საერთო საკითხები ამ ძალიან ლამაზი ერისთვის, მისი მომავლისთვის, საბოლოოდ NATO-ში გაწევრიანებისთვის, და საერთო განცხადებაზე ხელმოწერის სახით, მაგალითად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რათა შემუშავებული იყოს აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას რეფორმების კუთხით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით.

ამ შეთანხმების გარეშე, ასეთი ბრძოლებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, როცა მართლმსაჯულების საკითხი შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ, სათითაოდ გააკეთოთ მიმართვა, როგორ გსურთ გახდეთ NATO-ს წევრი, მაგრამ თუ ამას საქართველოდან ცუდი ამბები მოჰყვება, დარწმუნებული არ ვარ, რომელიმე პოლიტიკოსი სიამოვნებით მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს MAP-ის ან წევრობის შესახებ.

შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება NATO-ს, ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს ვერ ვხედავ პასუხისმგებელ პოლიტიკურ საზოგადოებას, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ერთად იკისრებს პასუხისმგებლობას ამაზე. რუსეთი, კრემლი კი თავის საქმეს აკეთებს. ამ ქაოსის შენარჩუნებას ცდილობენ“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ერთგვარი გადატვირთვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ახალი ბიძგი.

ინტერვიუ სრულად.