ირაკლი კობახიძე: შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის „შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით“ 30 ოქტომბრამდე „პატარა შოუ“ იქნება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან გაქრება.

კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით 30 ოქტომბრის შემდეგ კითხვებს პასუხები აღარ გაეცემა.

მისივე თქმით, შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე - როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია. მაგრამ სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა, იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება. მაგრამ, გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, მაგრამ მედიკამენტოზური ჩარევით ეს დარეგულირდა და დაბალანსდა.

„კომუნიკაციის უფლების წართმევა რას ემსახურება, არ ვიცი. მათ რაღაც ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვქონოდა და წერილი მიგვეწოდებინა. დღეს ეს შეუძლებელია. ვიდრე შეხვედრების ოთახი არ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს და არ აღდგება მისი უფლებები, ის არ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას და ანალიზების ჩაბარებას", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატის განცხადებით, ანალიზების ჩაბარებით პროგნოზირებადი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონტროლი, მაგრამ რადგანაც ამის საშუალება აღარ არსებობს, „ყოფილმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გონება დაკარგოს“.