ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს. რასმუსენის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში შიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაასტაბილუროს.
„საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს“, - განაცხადა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტია იქნება. მისივე თქმით, არსებული სიტუაცია საქართველოს NATO-სთან, სავარაუდოდ, აშორებს.
„მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება, NATO-ს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო NATO-ში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს“, - განაცხადა რასმუსენმა ამერიკის ხმასთან.