ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულს აღნიშნავს

7 დეკემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებსა და პროექტებთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულს იწყებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ღონისძიებები სოციალური და ტრადიციული მედია საშუალებებით ჩატარდება სლოგანით - ერთად ადამიანის უფლებებისთვის - კრიზისიდან უკეთესობისკენ.

„ადამიანის უფლებების დაცვის დღე, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება, ეძღვნება 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას. დეკლარაცია განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების იმ ფართო სპექტრს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია თითოეულ ადამიანს ანიჭებს უფლებებს განურჩევლად მისი ეროვნებისა, გენდერული კუთვნილებისა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, ენისა თუ რაიმე სხვა სტატუსის.

10 დეკემბერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა იმ სამყაროს შექმნისთვის, რომლისკენაც მივისწრაფვით, ისევე, როგორც გლობალური სოლიდარობისა და ჰუმანურობის პრინციპებისადმი ერთგულების აუცილებლობა.

ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში შეიტყობთ ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული დახმარებისა და ამ სფეროში ხუთი ახალი პროექტის დაწყების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წლევანდელი თემა კორონავირუსის პანდემიას ეხება.

„წლევანდელი თემა ეხმიანება Covid-19-ის პანდემიას და ყურადღებას ამახვილებს კრიზისის შემდგომ, უკეთესობაზე მიმართულ აღდგენის პროცესზე, რომლის ქვაკუთხედსაც ადამიანის უფლებები წარმოადგენს. ყოველივე ეს მიღწევადია ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის, Covid-19-ით გამოწვეული და გამწვავებული პრობლემების მოგვარების და, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გამოყენებით, ფესვგადგმული, სისტემური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის დაძლევის გზით.

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირი მტკიცედ განაგრძობს ქალების, ბავშვების, უმცირესობებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელებას, ისევე, როგორც სიკვდილით დასჯის, წამების, ადამიანებით ვაჭრობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბების მიზნით.

ადამიანის უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონზე მეტი ლარის დახმარება გაუწია. კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება იმ სახელმწიფო უწყებების გაძლიერებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნული უფლებების უზრუნველყოფაზე, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც ქვეყნის ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის მნიშვნელოვან მონაწილეებს წარმოადგენენ.

ევროკავშირის დახმარებით საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვა, ყოფილი პატიმრებისა დს მსჯავრდებულების რეინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობისა და პროფესიული თანასწორობის დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა. ევროკავშირის აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ეხმარებიან Covid-19-ითა და შესაბამისი შეზღუდვებით ყველაზე მეტად დაზარალებულ პირებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებსა და ბავშვებს

დამატებითი ინფორმაციისთვის პროექტების შესახებ ეწვიეთ: https://eu4georgia.ge/

თვალყური ადევნეთ ჩვენს მედია არხებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://www.facebook.com/europeanunioningeorgia,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.