IRI თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შეფასების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

"თვითმმათველობის არჩევნებში ხმების გადათვლის პროცესი საკამათო იყო და გამოავლინა 33%-იანი დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში. იმის მიუხედავად, რომ ხმები გადანაწილდა ხელახალი დათვლის საფუძველზე, ეს შეცდომები მნიშვნელოვნად არ შეცვლიდა პირველი ტურის საერთო შედეგებს", - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შეფასების საბოლოო ანგარიშია ნათქვამი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ანგარიში ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობას, ამავდროულად აღნიშნავს შემაშფოთებელ ტენდენციებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში.

IRI​ -ს შეფასებით, სააღცევნო რეფორმებით საარჩევნო ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა, თუმცა რეფორმები არ აკმაყოფილებდა გარე ჯგუფებისა და სამოქალაქო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას.

„ბოლო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ხელშეწყობით აღდგა საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო მართვის ორგანოების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ სრულყოფილებისგან შორსაა, პროგრესი მიღწეულია“, – აღნიშნა IRI-ს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ანგარიშის თანახმად, კამპანიის პერიოდში, IRI-ს გუნდმა აღმოაჩინა ძალადობის, დაშინების, ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ზეწოლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების მზარდი შემაშფოთებელი ტენდენციები, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის არსებულ ხაზებს.

„არჩევნების დღე საარჩევნო უბნებზე ძირითადად იყო მშვიდი, მთელი რიგი პროცედურული ხარვეზებით, რომელთაგან არც ერთი არ იყო სისტემურად ორკესტრირებული, თუმცა შიდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს პარტიული წარმომადგენლების გაძლიერებული მობილიზება და ამომრჩევლებისთვის თვალყურის მიდევნების მცდელობები საარჩევნო უბნების გარეთ“,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დაშინების თანმიმდევრული, ან მზარდი ნიმუში ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ სერიოზული საფრთხეა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. მშვიდობიანი საარჩევნო დღის მიუხედავად, მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ყველა ქართველისთვის. ჩვენი ანგარიში აჩვენებს, რომ აუცილებელია კამპანიის გარემოს გაუმჯობესება“, – აღნიშნა ნიქსმა.