მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიცია საქართველოს 27 წლის მოქალაქეს ეძებს, რომელიც პრაღაში თავდასხმის საქმეზე იძებნება.
თავდასხმა პრაღაში, ოქტომბრის დასაწყისში, ვლადისლავოვის 1-ში მოხდა. 29 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ. ის მაშველებმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლებმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად შეძლეს დაედგინათ, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ბ.ჯ. საქართველოდან, რომელიც ერთხელ უკვე იყო წარსულში ნასამართლევი მსგავსი ძალადობრივი დანაშაულისთვის“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ევა კროპაჩოვამ.
დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლიციამ ჩეხეთის და შენგენის საზღვრებზე სპეციალური ზომები მიიღო იმისთვის, რომ დამნაშავეს ქვეყანა არ დაეტოვებინა.
„გთხოვთ მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ. ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ის შეიარაღებული არ არის. არავითარ გარემოებაში არ ეცადოთ მის დაკავებას! გაფრთხილებთ, რომ ეს ძალიან საშიშია“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა.