პრემიერი სააკაშვილის შიმშილობაზე: კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს

"კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ჟურნალისტისკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედი LIVE”-ის წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.

“არ ვიცი რით შეიძლება დასრულდეს… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. საჭიროების შემთხვევაში ექიმები სააკაშვილს დაეხმარებიან და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ. ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

28 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადაიყვანენ "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად შეძლებს საავადმყოფოსთან 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას ხელისუფლებას მუდმივ ქაოსთან გამკლავება მოუწევს.

"ასეთი ქაოსის დრო, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.