გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში თავად წერს.
„ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან, "ლელოს" ჩათვლით ნებისმიერი სახით თანამშრომლობა. ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში,“ - წერს ფეისბუქგვერდზე ირაკლი თავდგირიძე.
ამასთან, ირაკლი თავდგირიძე აქცენტს აკეთებს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.
„მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს ირაკლი თავდგირიძე.
ცნობისთვის, პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ესენია „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“.
35 წევრიან ბათუმის საკრებულოში ოპოზიურ პარტიებს 19 წევრი ეყოლება, აქედან 15 დეპუტატი გართიანებულ ოპოზიციას "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, 3 გიორგი გახარიას პარტიას 1 კი ლელოს. „ქართულ ოცნებას“ 16 დეპუტატი ეყოლება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში.