პოლონეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული $1,2 მილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პოლონეთი ევროკავშირის მართლსაჯულების მიერ დაწესებული ყოველდღიური მილიონის გადახდას არ აპირებს.

"პოლონეთის მთავრობა უსამართლობის წინაშე ქედს ვერ მოიხრის. პოლონეთი ერთ ზლოტსაც ვერ გადაიხდის და არც უნდა გადაიხადოს", – განაცხადა პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნევ ზიობრომ პრესკონფერენციაზე.

ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ჯარიმის დაკისრების მიზეზი, პოლონეთში განხორციელებული სასამართლო რეფორმა გახდა.პოლონეთის მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას მოსამართლეებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მიანიჭა.

ბრიუსელი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული ხელშეკრულებების ნაწილი ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სამიტზეც განიხილეს და კოალიციის წევრმა სახელმწიფოებმა პოლონეთი გააკრიტიკეს.

”თქვენ არ შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ ევროკავშირის მთელი ფული, მაგრამ უარი თქვათ ევროკავშირის ღირებულებებზე”, - თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ და პოლონეთი გააფრთხილა, არ მოეპყროს ევროკავშირს, როგორც ”სალაროს მანქანას”.

ბევრი პოლონელი მოსამართლე მმართველი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეფორმას მოსამართლეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს.

ევროპული სასამართლოს განცხადებით, პოლონეთისთის ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე.

სადისციპლინო პალატის გაუქმება ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ივლისშიც მოსთხოვა, თუმცა მოსამართლეების სადისციპლინო პალატა კვლავ განაგრძობს მუშაობას, რის გამოც ევროკომისიამ პოლონეთზე ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ევროკომისიის განცხადებით, პოლონეთის მმართველი პარტიის ქმედებები ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას ქვეყანაში.